
რას გვეუბნება სისხლის ლაბორატორიული ანალიზი ?
სისხლის ლაბორატორიული ანალიზი არის რუტინული ტესტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება და არსებული დაავადებების დინამიკაში კონტროლი.
სისხლი შედგება დაახლოებით 45% ფორმიანი ელემენტებისგან - წითელი უჯრედები (ერითროციტები), თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები), თრომბოციტები და 55% პლაზმისგან.
ჟანგბადის მოლეკულის მეშვეობით ორგანიზმში არსებულ უჯრედებს შეუძლიათ ზრდა, გამრავლება, ენერგიის წარმოქმნა. სწორედ ერითროციტები უზრუნველყოფენ სისხლის წითელ ფერს. მართლაც, ფილტვებიდან გამოსული ჟანგბადით მდიდარი სისხლი, ე.წ. არტერიული სისხლი, არის ღია წითელი ფერის ხოლო ფილტვებისკენ მიმავალი ჟანგბადით ღარიბი სისხლი, ე.წ. ვენური სისხლი, არის მუქი წითელი ფერის.
ლეიკოციტები არის ორგანიზმის იმუნური სისტემის ნაწილი და მათი მეშვეობით ადამიანის ორგანიზმი ებრძვის გარედან შემოღწეულ პათოგენებს - ვირუსებსა და ბაქტერიებს. ორგანიზმში არსებობს 5 სხვადასხვა სახის ლეიკოციტი - ნეიტროფილი, ლიმფოციტი, ეოზინოფილი, მონოციტი, ბაზოფილი.
სისხლის პლაზმა არის წყლის, ცილების, ელექტროლიტების (მაგალითად: ნატრიუმი, კალიუმი), ვიტამინების, მკვებავი ნივთიერებების(მაგალითად გლუკოზის და ამინომჟავების) და ფერმენტების ერთობლიობა. ისინი უზრუნველყოფენ ორგანოების ჯანსაღ ფუნქციონირებას და მიგვანიშნებენ მათ მდგომარეობაზე.
თრომბოციტები დიდ როლს თამაშობენ სისხლის შედედებაში და დაზიანებული სისხლძარღვის კედლის მთლიანობის აღდგენაში.
სისხლის საერთო ანალიზი - საზღვრავს სისხლში არსებული ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობას/ფუნქციონირებას.
ერითროციტები - მოწმდება ისეთი მნიშვნელოვანი მახასიათებლები როგორიცაა მათი რაოდენობა, ჟანგბადით გაჯერებულობა, ფორმა. ექიმს შეუძლია შეამოწმოს ანემიის არსებობა და იმსჯელოს მის მიზეზზე.
ლეიკოციტები - ლეიკოციტების რაოდენობის მატების მეშვეობით შესაძლებელია მიმდინარე ინფექციის ტიპის დადგენა და დინამიკაში დაკვირვებით მისი კონტროლი. შესაძლებელია ინფექციისა თუ ინვაზიის გამომწვევის ბუნების დადგენა იმის მიხედვით თუ ლეიკოციტების რომელი კონკრეტული ნაწილი მოიმატებს. მაგალითად, ნეიტროფილებს შეუძლიათ ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლა.
თრომბოციტები - ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს სისხლის არასასურველი, ჭარბი შედედების რისკის არსებობა და მისი მედიკამენტურად შემცირება. არასასურველმა და არაბუნებრივმა შედედებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სახიფათო გართულებები , როგორიცაა ინსულტი.
ელექტროლიტები - სისხლში არსებული ელექტროლიტები მრავალ ფუნქციას ასრულებენ ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის. მათი ბალანსის დარღვევა მიგვანიშნებს პოტენციურად გულის, თირკმელების ან ფილტვების დაავადების არსებობაზე. ისინი უზრუნველყოფენ სისხლსა და მის გარშემო არსებულ უჯრედებს შორის ნივთიერებათა გაცვლას, მაგალითად ნატრიუმის გადაადგილებამ ერთი სივრციდან მეორეში შეიძლება გამოიწვიოს წყლის ან გლუკოზის გადაადგილება. კალიუმის დონის არაბუნებრივ და დიდ ცვლილებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს გულსისხლძარღვთა სისტემაზე; ამგვარ დარღვევას, შეუძლია გამოიწვის გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა და უკიდურესი გადახრების შემთხვევაში სიცოცხლისთვისაც სახიფათოა.
გლუკოზის ტესტი - მისი მეშვეობით შესაძლებელია დიაბეტის არსებობაზე მსჯელობა და კონტროლი. სისხლში გლუკოზის განსაზღვრისთვის შესაძლებელია 3 სხვადასხვა ანალიზის ჩატარება. 1) თითის ჩხვლეტის მეშვეობით კაპილარულ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა. 2) ვენურ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა. 3) გლიკოლიზირებული ჰემოგლობინის დონის განსაზღვრა სისხლში. (1) და (2) ანალიზები გვიჩვენებს უშუალოდ სისხლის აღების მომენტში გლუკოზის დონეს, ხოლო (3) გვიჩვენებს გლუკოზის საშუალო დონეს სისხლში ბოლო 2-3 თვის მანძილზე.
ღვიძლის ფუნქციური ტესტი - სისხლში არსებული მრავალი ცილა და ფერმენტი მიანიშნებს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობაზე. ამ მაჩვენებლების ცვლილება შესაძლებელია განპირობებული იყოს ორგანიზმში მიმდინარე მწვავე ან ქრონიკული პრობლემების გამო, ან კონკრეტული მედიკამენტების მიღების შედეგად. ეს მაჩვენებლებია: ბილირუბინის ტესტი (პირდაპირი ბილირუბინი, არაპირდაპირი ბილირუბინი, საერთო ბილირუბინი), ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ლაქტატ დეჰიდროგენაზა (LDH), სისხლში ჯამური ცილა, სისხლში ალბუმინის დონე.
C - რეაქტიული ცილა - არის ღვიძლში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც პოტენციურად მიუთითებს არსებული ანთებითი რეაქციის, ან ავტოიმუნური დაავადების არსებობის შესახებ.
NT-pro BNP ან BNP - არის გულში წარმოქმნილი ნივთიერება, რომელიც პოტენციურად მიუთითებს არსებული გულის უკმარისობის სიმძიმის დონეს. გულის უკმარისობის მეტად წინ წასული ფორმის შემთხვევისას, მეტად მაღალი იქნება ამ ნივთიერებათა დონე სისხლში.
თირკმლის ფუნქციური ტესტი - ტესტი მოიცავს კრეატინინის და შარდოვანას დონეების განსაზღვრას სისხლში. ეს ნივთიერებები არის თირკმლის მიერ წარმოქმნილი ნარჩენი პროდუქტები. მათი მაღალი დონე მიუთითებს თირკმლის ფუნქციის დაქვეითებას.
კოაგულოგრამა - გვაწვდის ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე სისხლის შედედების პროცესების არსებობის შესახებ. განსაკუთრებით ინფორმაციულია ისეთ დაავადებების დროს, როგორიცაა მოციმციმე არითმია. მისი მეშვეობით ექიმს შეუძლია ინსულტის რისკის შეფასება და მედიკამენტის სწორი დოზირება.
ტროპონინი და კრეატინ კინაზა (CK) - არის კუნთის დაზიანების შედეგად სისხლში გამოყოფილი ნივთიერებები. სისხლში მათი დონის მატებამ შეიძლება მიგვანიშნოს გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანების არსებობაზე.
სისხლის ანალიზი განსაკუთრებით ინფორმატიულია მაშინ, როდესაც ექიმს ეძლევა საშუალება, მიღებული შედეგები შეადაროს წარსულ შედეგებს, რათა დაინახოს თუ როგორ ვითარდება დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა.
თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიით, რომელიც ყოველ სამ თვეში ერთხელ გერმანულ ხარისხის დამადასტურებელ კომპანიასთან თანამშრომლობის მეშვეობით გადის აპრობირებას.