Blog

10 Nov
stent

კორონაროგრაფია და კორონარული სტენტირება - ხშირად დასმული კითხვები!

  • რა არის გულის იშემია და ინფარქტი ?

გული არის ღრუ კუნთოვანი ორგანო, რომელიც სისხლს ტუმბავს მთელს ორგანიზმში არსებულ სისხლძარღვებში. სისხლი შეიცავს სპეციალურ ცილას- ჰემოგლობინს, რომელის იკავშირებს ჟანგბადს და უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებას სისხლძარღვებში. ჟანგბადი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის უჯრედების ფუნქციონირებაში, რეპროდუქციაში და სიცოცხლისუნარიანობაში. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითონ გულიც არის ორგანო და ჭირდება კვება. ამისთვის ადამიანის ორგანიზმში არსებობს 2 ძირითადი სისხლძარღვი - მარჯვენა და მარცხენა კორონარული არტერიები.

ორნოარული არტერიების დაზიანების შედეგად შესაძლოა გულს არ მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის სისხლი და მან ვერ შეასრულოს ადეკვატურად საკუთარი ფუნქცია. ამ არტერიების ყველაზე ხშირი დაზიანება არის ათეროსკლეროზული შევიწროება ან სრულიად დახშობა, რაც ყველაზე ხშირად განპირობებულია სისხლძარღვებში ქოლესტეროლის და ცხიმის ჩალაგებით. გულის კუნთოვანი ქსოვილის არასამკარისი რაოდენობის სისხლით მომარაგებას იშემია ეწოდება. იშემიის პროცესში შესაძლოა სისხლძარღვის სანათური სრულიად დაიხშოს და გულის უჯრედებმა დაიწყოს კვდომა - ამ მდგომარეობას მიოკარდიუმის ინფარქტი ქვია.

  • როგორ შეიძლება გამოვლინდეს გულის იშემია ?

იშემიის პროცესში პაციენტების ნაწილს შესაძლოა არაფერი არ აწუხებდეს, ხოლო ნაწილს შესაძლოა აღენიშნებოდეს სპეციფიური ჩივილები, როგორიცაა: ტკივილი გულის არეში, ტკივილი ხელში ან ბეჭქვეშ, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, ქოშინი, გულის რიტმის დარღვევა, გულისრევა, ჭარბი ოფლიანობა და სხვა.

ischemia

რამ შეიძლება გამოიწვიოს იშემია ?

რისკ ფაქტორები რომლებიც ხელს უწობენ გულის იშემიური დაავადების განვითარებას შემდეგია: არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, ქოლესტერინის მაღალი კონცენტრაცია სისხლში, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს და ცხიმიანი საკვების მოხმარება, სტრესი, ფიზიკურად უმოძრაო ადამიანი და სხვა.

  • როდის მივიდე ექიმთან?

კარდიოლოგთან მისვლა აუცილებელია ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ჩივილის გამოვლენის შემთხვევაში. რაც უფრო მალე მიმართავთ კარდიოლოგს მით უფრო მალე იქნება დაავადების აღმოჩენის და მის მიერ გამოწვეული გართულებების თავიდან არიდების შესაძლებლობა.

  • როგორ შევამოწმო მაქვს თუ არა იშემია ?

კარდიოლოგთან გასაუბრების შემდეგ თქვენ შესაძლოა ჩაგიტარდეთ ისეთი გამოკვლევები როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, დატვირთვის სტრეს ტესტი, ლაბორატორიული გამოკვლევები. გამოკვლევების შედეგად იშემიის არსებობაზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში თქვენ შეიძლემა მოგეცეთ რეკომენდაცია კორონაროგრაფიის ჩატარებაზე.

  • რა არის კორონაროგრაფია ?

კორონაროგრაფია არის გულის მკვებავი სისხლძარღვების - კორონარული არტერიების გამოკვლევის ზუსტი მეთოდი. იგი მოიცავს:

  1. მაჯის გაუტკივარებას;
  2. მცირე ჩხვლეტის შედეგად სისხლძარღვებში ვიწრო მილის - კათეტერის შეყვანას;
  3. სისხლძარღვების მეშვეობით კათეტერის გულთან მიყვანას;
  4. გულის მკვებავ სისხლძარღვებში კონტრასტული ნივთიერების შეყვანას;
  5. რენტგენოლოგიურად სისხლძარღვების დათვალიერებას.

კორონაროგრაფიის ჩატარების შემდეგ თქვენ გაიგებთ თვენი ჩივილები რამდენად კავშირშია გულის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებასთან და თქვენი ექიმი მოგცემთ შემდგომი მკურნალობის ზუსტ და სწორ რეკომენდაციას.

  • სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში რა რეკომენდაციას მივიღებ ?

დაზიანების ხარისხიდან, მდებარეობიდან და რაოდენობიდან გამომდინარე თქვენ შეიძლება მიიღოთ ჩამოთვლილიდან ერთერთი რეკომენდაცია:

  1. მედიკამენტური, კონსერვატიული მკურნალობა.
  2. კორონარული სტენტირება.
  3. აორტო-კორონარული შუნტირება.

პირველი ან მეორე რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში თქვენ მკურნალობას განაგრძობთ თქვენს კარდიოლოგთან, ხოლო მესამე რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში მოგეცემათ კარდიოქირურგტან კონსულტაციის რეკომენდაცია.

  • რა არის სტენტირება ?

სტენტირება, ანუ კორონარული ანგიოპლასტიკა სტენტის იმპლანტაციით, არით კორონაროგრაფიის მსგავსი პროცედურა. კორონაროგრაფიის ნახსენებ 5 მომენტს დაემატება

  1. დაზიანების ადგილზე პატარა, სპეციალური წამლით დაფარული მეტალის მილის ჩადგმა და შედეგად სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა.

სტენტი აღადგენს სისხლის მიმოქცევას დაზიანების არეში და უზრუნველყოფს გულის სრულყოფილ სისხლმომარაგებას.


stenting

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?

კორონაროგრაფია: 15-20 წუთი.

კორონარული სტენტირება 20-30 წუთი. მრავალობითი დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს პროცედურის ხანგრძლივობა.

  • პროცედურა არის თუ არა მტკივნეული ?

კორონაროგრაფიაც და სტენტის იმპლანტაციაც იწყება ლოკალური ანესთეზიის შემდეგ, შესაბამისად თქვენ ვერ გრძნობთ ტკივილს.

  • პროცედურის დროს მეღვიძება ?

რათქმაუნდა! თქვენ შეგიძლიათ პროცედურას თვალი ადევნოთ გვერდით არსებულ მონიტორზე.

  • რამდენი ხანი იდგმება სტენტი ?

სტენტი რჩება ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლის ბოლომდე.

  • რამდენად შეზღუდავს სტენტი ჩემი სიცოცხლის ხარისხს ?

სტენტის იმპლანტაცია არ ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობებს და მუშაობის უნარს.

  • რა რისკები შეიძლება ქონდეს ამ პროცედურებს ?

კორონაროგრაფიის ხშირი გართულებები და მათი ალბათობა: მიოკარდიუმის ინფარქტი - 0,1%, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა - 0,1%, ინსულტი - 0,1%, არიტმიები რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსიით ან დროებითი სტიმულატორით მკურნალობა 0,3%, სიკვდილი - 0,12%, პრობლემები ჩხვლეტის ადგილას ან ჩხვლეტის გამო - 1,6%, ალერგიული რეაქცია კონტრასტზე - 2,0%.

სტენტირების ხშირი გართულებები და მათი ალბათობა: მიოკარდიუმის ინფარქტი - 0,3%, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა - 0,1%, ინსულტი - 0,1%, არიტმიები რომლებსაც ესაჭიროებათ კარდიოვერსიით ან დროებითი სტიმულატორით მკურნალობა 0,6%, სიკვდილი - 0,3%, პრობლემები ჩხვლეტის ადგილას ან ჩხვლეტის გამო - 1,5%, ალერგიული რეაქცია კონტრასტზე - 2,0%.

სტატისტიკიდან ჩანს რომ გართულების რისკი, როგორც კორონაროგრაფიის ასევე სტენტირების შემთხვევაში მნიშვნელოვნად დაბალია. დღესდღეობით გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ოქროს სტანდარტად ითვლება ინვაზიური მეთოდების გამოყენება.

  • რამდენი ხანი ვიქნები კლინიკაში ?
  1. გეგმიური კორონაროგრაფიის შემთხვევაში თქვენ იმდღესვე გაეწერებით კლინიკიდან.
  2. სტენტირების ან ინფარქტის არსებობის შემთხვევაში თქვენ 24-48 საათი დაყოვნდებით კლინიკაში.